გიცდიათ აუტიზმზე ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში? მაშინ დარწმუნებული ვარ, ეს სცენარი თქვენთვის ნაცნობია:
იპოვეთ სტატია, წაიკითხეთ ნახევრად ახსნილი და გაუგებარი აზრები და მაინც ვერ ხვდებით, რაშია საქმე.
რა არის აუტიზმი? ან ეს ABA თერაპია? როგორ მუშაობს? და მთავარი კითხვა: როგორ შეარჩიოთ კარგი ქცევითი (იგივე ABA) თერაპევტი?
თუ ეს პრობლემა თქვენთვის ნაცნობია - წაიკითხეთ ჩვენი სტატია. ის დაწერილია მათ მიერ, ვინც უშუალოდ მუშაობს ბავშვებთან ABA თერაპიით.
ჩვენს სტატიაში გაიგებთ სამ რამეს:
- რა არის ABA თერაპია და რატომ მუშაობს ის სწორედ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან
- რა ხდება სესიის დროს და რა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ სახლში
- რა ღირს თერაპია საქართველოში და როგორ შეარჩიოთ კარგი თერაპევტი
დავიწყოთ.
რა არის ABA თერაპია?
ABA (Applied Behavior Analysis) - ქართულად ქცევის გამოყენებითი ანალიზი - არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც დასწავლის სამეცნიერო პრინციპებს იყენებს ბავშვის ფუნქციური უნარების განვითარებისთვის.
ის American Psychological Association-ის მიერ აღიარებულია, როგორც აუტიზმის სამართავად ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შესწავლილი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა.
ათასობით კვლევა ადასტურებს, რომ ის ნამდვილად ეფექტურია.
მაგრამ რას ნიშნავს, რაში გამოიხატება ქცევითი თერაპიის ეფექტურობა?
ABA არ „კურნავს" აუტიზმს - აუტიზმი არ არის დაავადება, რომელიც განკურნებას/გამოჯანმრთელებას ექვემდებარება.
ABA ეხმარება ბავშვებს იმ უნარების შეძენაში, რომელთა დეფიციტიც აქვთ აუტისტურ სპექტრზე მყოფებს და რომელთა გარეშეც ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად რთულდება:
კომუნიკაცია, თვითმოვლა, სოციალური ინტერაქცია, ემოციური რეგულაცია და ა.შ. - სწორედ ამ უნარების ათვისებისთვის გამოიყენება ABA და ამაში არის ის ეფექტური.
რატომ მუშაობს ბიჰევიორიზმი აუტიზმთან
ბიჰევიორიზმის მთავარი დაშვება
ბიჰევიორიზმი - მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, რომელიც XX საუკუნის I ნახევარში ჩამოყალიბდა - ეფუძნება პრინციპს:
ნებისმიერი ცოცხალი არსების ქცევა იცვლება გარემოს მიერ მიცემული შედეგების მიხედვით.
თუ ქცევას მოჰყვა სასიამოვნო შედეგი - ის გამეორდება, გამოვლენის ხარისხი გაიზრდება.
თუ ქცევას მოჰყვა უსიამოვნო ან არანაირი შედეგი - ის შემცირდება, გამოვლენის ხარისხი დაიწევს.
ეს მარტივი ლოგიკა, რომელიც ბ.ფ. სკინერმა (B.F. Skinner) ექსპერიმენტებში დაამტკიცა, აღმოჩნდა დასწავლის ფუნდამენტური მექანიზმი ყოველი ცოცხალი არსებისთვის - ცხოველებიდან ადამიანამდე.
ანუ, ბიჰევიორიზმისთვის მნიშვნელოვანია ქცევა (რაიმე აქტივობა) და გარემოს პასუხი ამ ქცევაზე.
გარემოს პასუხი (ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს) განსაზღვრავს - ქცევა კიდევ გამოვლინდება თუ არა და რა ინტენსივობით.
რატომ აქვს გარემოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აუტიზმის სპექტრში?
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის ტვინი განსხვავებულად ამუშავებს ინფორმაციას.
ის, რასაც ნეიროტიპური ბავშვი ბუნებრივად სწავლობს - ემოციების ამოცნობას, სოციალური წესების გაგებას, ენას - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს აღნიშნული უნარების ათვისება უფრო უჭირს და საჭიროებს მკაფიო, სტრუქტურირებულ სწავლებას.
შესაბამისად იზრდება გარემოს უკუკავშირის მნიშვნელობა - იმ ადამიანების მხრიდან აქტიური სწავლება, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვს დეფიციტური უნარების გავარჯიშებაში ან ათვისებაში.
ბიჰევიორიზმის ძირითადი პრინციპები
ABA თერაპია ეყრდნობა ბიჰევიორისტულ ტრადიციას, სადაც არსებობს მიდგომა - ოპერანტული განპირობება, რომლის პრინციპიც ძალიან მარტივია.
გამოიყოფა საკვანძო ტერმინები:
- განმტკიცება - ქცევის გამოვლინების გაზრდა.
- დასჯა - ქცევის გამოვლინების შემცირება.
- დადებითი - რაიმეს (სტიმულის) დამატება.
- უარყოფითი - რაიმეს (სტიმულის) ჩამოშორება.
და მათი დაწყვილებით ვიღებთ 4 მთავარ პრინციპს:
| განმტკიცება | დასჯა | |
|---|---|---|
| დადებითი (+) | დადებითი განმტკიცება | დადებითი დასჯა |
| უარყოფითი (−) | უარყოფითი განმტკიცება | უარყოფითი დასჯა |
დადებითი განმტკიცება - სასიამოვნო სტიმული დამატება ქცევის გასაზრდელად.
მაგ: ნიკამ სკოლაში დავალება კარგად შეასრულა, მასწავლებელმა შეაქო და 10 ქულა დაუწერა.
- ქცევა - დავალების შესრულება
- განმამტკიცებელი სტიმული - შექება და 10 ქულის დაწერა
დასკვნა: ამგვარი ქცევით მასწავლებელმა განამტკიცა ნიკას ქცევა და გაზარდა მისი მომავალში გამოვლენის ალბათობა.
უარყოფითი განმტკიცება - უსიამოვნო სტიმულის ჩამოშორება ქცევის გასაზრდელად.
მაგ: ნუცამ მანქანაში ღვედი არ გაიკეთა. ჩაირთო შემაწუხებელი ხმა. ნუცამ ხმის გასაჩუმებლად ღვედი გაიკეთა.
- ქცევა - ღვედის გაკეთება
- განმამტკიცებელი სტიმული - შემაწუხებელი ხმის გაჩუმება
დასკვნა: ამგვარი ქცევით ნუცა დაისწავლის, რომ ღვედი ავტომატურად გაიკეთოს, რადგან თავიდან აირიდოს შემაწუხებელი ხმა.
დადებითი დასჯა - უსიამოვნო სტიმულის დამატება ქცევის შესამცირებლად.
მაგ: გიორგი სკოლაში ცუდად მოიქცა, ამიტომ მშობლებმა მას ჭურჭლის გარეცხვა დაავალეს.
- ქცევა - სკოლაში ცუდად მოქცევა
- დამსჯელი სტიმული - ჭურჭლის გარეცხვა
დასკვნა: რადგან გიორგი სკოლაში ცუდად მოიქცა და მშობლებს სურთ, რომ გიორგი ასე აღარ მოიქცეს (ქცევა ჩაქრეს), მათ გიორგის უსიამოვნო სტიმული (ჭურჭლის გარეცხვა) დაუმატეს.
უარყოფითი დასჯა - სასიამოვნო სტიმულის ჩამორთმევა ქცევის შესამცირებლად.
მაგ: გვანცამ მეგობარს პლანშეტი არ ათხოვა, ამიტომ მშობლებმა ჩამოართვეს.
- ქცევა - პლანშეტის არ თხოვნა მეგობრისთვის
- დამსჯელი სტიმული - პლანშეტის ჩამორთმევა
დასკვნა: მშობლებს სურდათ, რომ გვანცასთვის დათმობა ესწავლებინათ. გვანცა პლანშეტს არ აძლევდა მეგობარს, ამიტომ მშობლებმა მას ჩამოართვეს სასიამოვნო სტიმული (პლანშეტი), არ დათმობის ქცევის შესამცირებლად.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან - ძირითადად ვიყენებთ დადებით განმტკიცებას, რაც გულისხმობს დავალების შესრულების შემდეგ ბავშვისთვის რაიმე სასიამოვნო სტიმულის მიცემას.
კვლევები აჩვენებს, რომ დადებითი განმტკიცება ყველაზე ეფექტური მიდგომაა.
გაითვალისწინეთ: ჯილდო ბავშვისთვის მამოტივირებელი უნდა იყოს - თუ ის საკმარისად სასურველი არ არის, ჯილდოდ აღარ აღიქმება.
დადებითი განმტკიცება პრაქტიკაში - როგორ დაისწავლება ახალი უნარი
წარმოვიდგინოთ კონკრეტული მაგალითი:
3 წლის ბავშვი, რომელიც სახელზე არ რეაგირებს.
მიზანი: ბავშვმა ისწავლოს საკუთარ სახელზე - „ლუკა" - შემოხედვა.
ნაბიჯი 1 - შესაბამისი განმამტკიცებლის პოვნა
ყველა ბავშვს აქვს საკუთარი განმამტკიცებლები - ის საგნები, რომლებიც მასში ინტერესს იწვევს და მოსწონს.
დავუშვათ ლუკას შემთხვევაში - ცისფერი მანქანა.
ნაბიჯი 2 - ინსტრუქციის მიცემა
მანქანა თერაპევტს უჭირავს (თუ ბავშვს უჭირავს სთხოვეთ, რომ მოგცეთ და გამოართვით). მიეცით ინსტრუქცია - „ლუკა".
- თუ შემოგხედათ მომენტალურად მიეცით სათამაშო და შეაქეთ - დადებითი განმტკიცება.
- თუ არ შემოგხედათ, დაუძახეთ კიდევ ერთხელ. თუ რეაქცია ისევ არ არის - დაანახეთ მანქანა, მიიტანეთ თქვენს თვალებთან და დაუძახეთ „ლუკა", ბავშვის შემოხედვის შემდეგ, რაც შეიძლება მალე განუმტკიცეთ ქცევა.
აღნიშნული დავალება, არის ფუნდამენტური ბავშვის განვითარებისთვის, ამიტომ რაც უფრო მეტჯერ გამოიყენებთ - უკეთესია.
ნაბიჯი 3 - ბავშვთან თამაში
დავალების შესრულების შემდეგ ითამაშეთ ბავშვთან ერთად. თამაში უნდა იყოს ფუნქციური (საგნის დანიშნულების მიხედვით) და გაუხმოვანეთ, რაც შეიძლება მეტი. შემდეგ გამოართვით სათამაშო და ახლიდან მიეცით დავალება.

რა შეუძლია მშობელს გააკეთოს სახლში
მშობელი არ არის თერაპევტის შემცვლელი, მაგრამ იგი არის თერაპევტის უმთავრესი პარტნიორი.
ABA-ს ეფექტიანობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეიტანთ მის პრინციპებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
1. დადებითი განმტკიცების გამოყენება ყოველდღიურად
როცა ბავშვი სასურველ ქცევას გამოავლენს - მაშინვე შეაქეთ.
შექებისას არ უთხრათ მხოლოდ „ბრავო", „ყოჩაღ" - არამედ აღწერეთ რის გამოც აქებთ: „ყოჩაღ, რომ ფეხსაცმელი თვითონ ჩაიცვი!" კონკრეტული შექება ბავშვს უხსნის რატომ აქებთ.
2. გახმოვანება
წარმოიდგინეთ, რომ „ჩართული რადიო" ხართ. ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას ვერბალურად აღწერეთ რას აკეთებთ: „ახლა მოვუშვებთ წყალს... ცხელია... ცოტა ცივი დავამატოთ... ახლა ვიხეხავთ კბილებს..."
ერთი შეხედვით თითქოს უაზრობად ჩანს ამდენი საუბარი, მაგრამ გახმოვანება ბავშვის ენობრივი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია.
3. სოციალურად მიუღებელი ქცევების არ განმტკიცება
თუ ბავშვი ტირილით ან კაპრიზით ცდილობს რაიმეს მიღწევას - დათმობა ამ ქცევას ამტკიცებს, ანუ მომავალშიც ასე მოითხოვს.
ამიტომ: დაიცადეთ, შეინარჩუნეთ სიჩუმე ან გაიმეორეთ წყნარი „არა", სანამ ბავშვი არ დამშვიდდება. შემდეგ შესთავაზეთ ალტერნატივა.
4. სტრუქტურისა და რუტინის შენარჩუნება
ვიზუალური განრიგი (სურათების სერია, რომელიც დღის თანმიმდევრობას აჩვენებს) აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის უდიდესი დახმარებაა.
ის ამცირებს შფოთვას და ბავშვს აძლევს კონტროლის განცდას.
პრაქტიკული რჩევების დეტალური განხილვა: აუტიზმი ბავშვებში - რჩევები მშობლებისთვისრა ღირს ABA თერაპია საქართველოში?
ფასი დამოკიდებულია სამ ფაქტორზე: თერაპევტის კვალიფიკაცია, ცენტრის მდებარეობა და სესიის ფორმატი.
საშუალოდ 1 ქცევითი თერაპია დაახლოებით 40-100 ლარამდე მერყეობს.
ასევე, არსებობს სახელმწიფო პროგრამებიც, რომლებიც სრულიად ფარავენ გარკვეული რაოდენობის სესიების თანხას - მაგალითად, ასეთი პროგრამა აქვს თბილისის მერიას, რომელსაც აუტიზმის პროგრამა ჰქვია.
აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი პროვაიდერია ბავშვთა და მოზარდთა აუტიზმის ცენტრი ფაზლი.
როგორ შევარჩიოთ კარგი ABA თერაპევტი
- აქვს რეალური კვალიფიკაცია - თუ კვალიფიკაცია არ აქვს თერაპევტს იგი უნდა მუშაობდეს აქტიური და კვალიფიციური სუპერვაიზორის მეთვალყურეობით
- პროგრამის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის უნიკალური თავისებურებები - მისი სუსტი და ძლიერი მხარეები
- თერაპიის აღრიცხვა - წერს, ზომავს, აანალიზებს თითოეულ სესიას
- მშობელს რთავს პროცესში - აძლევს რჩევებს მშობელს
- გასცემს რეგულარულ უკუკავშირს - მშობელს დეტალურად უხსნის როგორ ჩაიარა თერაპიამ, სად არის პროგრესი ან რეგრესი
- იყენებს მხოლოდ დადებით განმტკიცებას
- ბავშვის ემოციური მდგომარეობის მიმართ მგრძნობიარეა - ცდილობს ბავშვის თვალებით დაინახოს სამყარო და გამგები იყოს მის მიმართ

