აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) დიაგნოზი ეფუძნება სოციალური კომუნიკაციის სირთულეებსა და განმეორებად ქცევებს, რომლებიც ადრეულ ასაკში ვლინდება. ძირითადი ნიშნებია თვალის კონტაქტის ნაკლებობა, სხვისი ემოციების გაზიარების სირთულე, რუტინის მკაცრი მოთხოვნილება და სენსორული მგრძნობელობა. დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ამ ნიშნების ერთობლიობის არსებობა.
ჩვეულებრივი დღეა. პარკში სეირნობთ და ხედავთ, როგორ თამაშობენ სხვა ბავშვები ერთმანეთთან, იცინიან და მშობლებს თითით აჩვენებენ ცაში მფრინავ თვითმფრინავს. თქვენ კი ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი იზოლირებულად ზის, სათამაშო მანქანის ბორბალს გამუდმებით ატრიალებს და თქვენს დაძახებულ სახელზე არ რეაგირებს.
მშობლისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე სტრესული და დამაბნეველი მომენტია. იწყება ფიქრები: „იქნებ უბრალოდ საკუთარ სამყაროშია?“, „იქნებ სმენის პრობლემა აქვს?“. აუტიზმის ნიშნების ამოცნობა ხშირად რთულია, რადგან სპექტრი ძალიან ფართოა და თითოეულ ბავშვში ინდივიდუალურად ვლინდება.
იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს, აუცილებელია გავიგოთ, რას ეყრდნობა თანამედროვე დიაგნოსტიკა. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციისა და ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მიერ შემუშავებული DSM-5 სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელო ხუთ ძირითად კრიტერიუმს (A, B, C, D, E) მოიცავს, რომლებსაც ქვემოთ ყოველდღიური მაგალითებით განვიხილავთ.
კრიტერიუმი A - რა სირთულეები ვლინდება კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციაში აუტიზმის დროს?
სოციალური კომუნიკაციის დეფიციტი აუტიზმის უმთავრესი და ძირითადი მახასიათებელია, რომელიც სამი მიმართულებით ვლინდება:
- ორმხრივი საუბრისა და ემოციების გაზიარების შეუძლებლობა,
- არავერბალური კომუნიკაციის (ჟესტები, თვალის კონტაქტი) სირთულეები
- ასაკის შესაბამისი ურთიერთობების ჩამოყალიბების პრობლემა.
ეს კრიტერიუმი ყველაზე მეტად აისახება იმაზე, თუ როგორ ამყარებს ბავშვი კონტაქტს გარე სამყაროსთან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, სოციალურ-კომუნიკაციური სირთულეები ხშირად ყველაზე ადრეული ინდიკატორია. მოდით, გავშალოთ თითოეული მათგანი ყოველდღიური, პრაქტიკული მაგალითებით:
სოციალურ-ემოციური გაზიარების დეფიციტი (Social-Emotional Reciprocity): წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ბავშვს ოთახში ახალი, ფერადი სათამაშო შემოუტანეთ. ტიპური განვითარების ბავშვი სათამაშოს დაინახავს, გაიღიმებს და ეგრევე თქვენ შემოგხედავთ თვალებში, რათა ეს სიხარული გაგიზიაროთ. აუტიზმის მქონე ბავშვმა შეიძლება სათამაშო აიღოს, დაიწყოს თამაში, მაგრამ არ შემოგხედავთ და არ ეცდება ამ ემოციის თქვენთვის გაზიარებას.
ასევე, უჭირთ ორმხრივი საუბრის (ე.წ. "პინგ-პონგის" პრინციპით) წარმართვა - ბავშვმა შეიძლება ილაპარაკოს მხოლოდ თავის საყვარელ თემაზე და ვერ შეამჩნიოს, აინტერესებს თუ არა ეს მსმენელს.
- არავერბალური კომუნიკაციის დეფიციტი: ეს არ გულისხმობს მხოლოდ საუბრის დაწყების სირთულეს; საქმე ეხება სხეულის ენას. მაგალითად, 1.5 წლის ბავშვი არ იყენებს საჩვენებელ თითს იმის საჩვენებლად, რაც აინტერესებს (არ იშვერს თითს ძაღლისკენ ქუჩაში). იმის ნაცვლად, რომ მოგაწოდოთ ნივთი, მან შეიძლება თქვენი ხელი აიღოს და "ინსტრუმენტივით" დაადოს იმ საგანს, რომელიც სურს. ხშირია თვალის კონტაქტის არიდება ან უჩვეულო სახის მიმიკები.
- ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების სირთულე: საბავშვო ბაღში ტიპური განვითარების ბავშვები ერთვებიან როლურ თამაშებში (მაგალითად, თამაშობენ "ექიმობანას" ან "ოჯახობანას"). აუტიზმის ნიშნების მქონე ბავშვებს უჭირთ წარმოსახვითი თამაშები. ისინი ხშირად ამჯობინებენ თანატოლებისგან მოშორებით, მარტო თამაშს, ვერ იგებენ თამაშის წესებს და არ იჩენენ ინტერესს ახალი მეგობრების შეძენის მიმართ.
კრიტერიუმი B - როგორ ამოვიცნოთ შეზღუდული და განმეორებადი ქცევები?
განმეორებადი ქცევები გულისხმობს სტერეოტიპულ მოძრაობებს, რუტინის მკაცრად დაცვის აუცილებლობას, სპეციფიკურ ობიექტებზე ფიქსაციასა და სენსორულ თავისებურებებს (ჰიპერ ან ჰიპომგრძნობელობას). ბავშვისთვის ეს ქცევები ხშირად სამყაროს აღქმისა და შფოთვის შემცირების მექანიზმია.
კლინიკურ პრაქტიკაში, ფაზლის ცენტრში მუშაობისას, ხშირად მინახავს, რომ სწორედ ეს ქცევები იწვევს მშობლებში ყველაზე დიდ გაუგებრობას. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განმარტებით, განმეორებადი ქცევები ბავშვს ეხმარება გარემოს პროგნოზირებასა და თვითრეგულაციაში.
სტერეოტიპული და განმეორებადი ქცევები: ეს შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც ფიზიკურ მოძრაობებში, ისე მეტყველებაში. მაგალითად, ძლიერი ემოციის (სიხარულის ან სტრესის) დროს ხელის მტევნების ფრთებივით ქნევა (ფლატერინგი), სხეულის წინ და უკან რწევა, ან სათამაშო მანქანების მკაცრი თანმიმდევრობით, რიგში დალაგება (ნაცვლად იმისა, რომ ითამაშოს).
მეტყველებაში ხშირია ექოლალია - სარეკლამო ფრაზების, მულტფილმის პერსონაჟების, თავისი ან სხვისი ნათქვამის უმიზნოდ, ზუსტი ინტონაციით გამეორება.
ერთგვაროვნებისა და რუტინის მკაცრი მოთხოვნილება: აუტიზმის მქონე ბავშვისთვის სამყარო ხშირად ქაოტური და უცნობია, ამიტომ რუტინა მათთვის უსაფრთხოების გარანტიაა.
სახლისკენ მიმავალი ჩვეული გზის თუნდაც მცირე ცვლილებამ, ან სადილის სხვა ფერის თეფშით მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ემოციური აფეთქება (ტანტრუმი).
ფიქსირებული და ინტენსიური ინტერესები: ბავშვს შეიძლება ჰქონდეს წარმოუდგენლად ღრმა, მაგრამ ძალიან ვიწრო ინტერესი.
მაგალითად, მან შეიძლება ზეპირად იცოდეს ქალაქის ავტობუსების ყველა მარშრუტი, მზის სისტემის პლანეტები ან დინოზავრების სახეობები, მაგრამ საერთოდ არ შეეძლოს პასუხის გაცემა მარტივ კითხვაზე: „როგორ ჩაიარა შენმა დღემ?“.
- სენსორული რეაქტიულობა (ჰიპერ/ჰიპომგრძნობელობა): გარემოს სტიმულების მიმართ უჩვეულო რეაქციები ყოველდღიურობის დიდი ნაწილია. ბლენდერის ხმამ, მტვერსასრუტმა ან სუპერმარკეტის კაშკაშა განათებამ შეიძლება ფიზიკური ტკივილი მიაყენოს ბავშვს, რის გამოც ყურებზე ხელს იფარებს. ხშირია ტანსაცმლის იარლიყების მიუღებლობა, კონკრეტული ტექსტურის საკვებზე უარის თქმა, ან პირიქით - საგნების მუდმივი ყნოსვა, ლოკვა და ხელით შეხება.

კრიტერიუმები C, D, E - როდის ვლინდება სიმპტომები და რა გავლენა აქვს განვითარებაზე?
კლინიკური დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია, რომ სიმპტომები ვლინდებოდეს ადრეული განვითარების პერიოდში (კრიტერიუმი C), იწვევდეს მნიშვნელოვან შეფერხებას ყოველდღიურ, სოციალურ თუ აკადემიურ ფუნქციონირებაში (კრიტერიუმი D) და არ აიხსნებოდეს ინტელექტუალური განვითარების დარღვევით (კრიტერიუმი E).
მარტივად რომ ვთქვათ, აუტიზმი არ არის მდგომარეობა, რომელიც ბავშვს უცებ უფროს ასაკში უჩნდება:
- ადრეული გამოვლენა (კრიტერიუმი C): როგორც წესი, სიმპტომები იწყება ადრეულ ასაკში (12–24 თვე). თუმცა, მსუბუქი ფორმების დროს, ნიშნები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მანამ, სანამ სოციალური მოთხოვნები არ გაიზრდება (მაგალითად, ბაღში ან სკოლაში შესვლისას).
- ფუნქციონირების დარღვევა (კრიტერიუმი D): იმისათვის, რომ დაისვას ოფიციალური დიაგნოზი, ეს ნიშნები უბრალოდ „ხასიათის თავისებურება“ კი არ უნდა იყოს, არამედ რეალურად უნდა უშლიდეს ხელს ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწავლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
- გამორიცხვის პრინციპი (კრიტერიუმი E): სპეციალისტები ყოველთვის ამოწმებენ, ხომ არ არის ქცევითი სირთულეები გამოწვეული სხვა გლობალური განვითარების შეფერხებით, ინტელექტუალური დარღვევით ან სმენის პრობლემებით.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვში ამ ნიშნებს ამჩნევს?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა - ნუ ჩავარდებით პანიკაში, მაგრამ ნურც გადადებთ მოქმედებას.
ლოდინის პოზიცია („გაიზრდება და გამოკეთდება“) ხშირად გვაკარგვინებს ოქროს პერიოდს.
ადრეულ ჩარევას და შესაბამის თერაპიებს (მაგალითად, ქცევით თერაპიას) საოცარი შედეგების მოტანა შეუძლია ბავშვის დამოუკიდებლობისა და მეტყველების განვითარებისთვის.
თუ სტატიაში აღწერილი სიმპტომები გეცნოთ:
- შეამოწმეთ სკრინინგ ტესტით: შეგიძლიათ გამოიყენოთ M-CHAT-R/F სკრინინგის ოფიციალური პლატფორმა, რომელიც ეხმარება მშობლებს 16-დან 30 თვემდე ასაკის ბავშვებში აუტიზმის რისკების პირველად შეფასებაში.
- დაიწყეთ დაკვირვება და ჩაწერა: გადაიღეთ მოკლე ვიდეოები, როდესაც ბავშვი ავლენს სტერეოტიპულ ქცევას ან არ რეაგირებს სახელზე. ეს მასალა შეფასებისას სპეციალისტისთვის ძალიან ღირებულია.
- მიმართეთ სპეციალისტს: დაგეგმეთ ვიზიტი ბავშვთა ფსიქიატრთან, ნევროლოგთან ან კლინიკურ ნეიროფსიქოლოგთან, რომლებიც დიაგნოსტირების ოფიციალურ ინსტრუმენტებს (მაგ. ADOS-2) იყენებენ.
- იზრუნეთ საკუთარ თავზე: აუტიზმის მქონე ბავშვის აღზრდა მარათონია და არა სპრინტი. მოიძიეთ მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფები, სადაც თქვენს ემოციებს უსაფრთხო გარემოში გააზიარებთ.


